ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვისთვის აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომობა და ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა. ამის ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმს ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმები წარმოადგენს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დააფუძნა ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმები (CEDP) კახეთსა და აჭარაში და უმასპინძლა პირველ შეხვედრებს.
CEDP აერთიანებს კახეთისა და აჭარის სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. პლატფორმები ქმნიან ინკლუზიურ სივრცეს დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რაც ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების ჩართულობას პოლიტიკის ფორმირებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ცირკულარული გადაწყვეტილებების განხორციელებაში. ყოველივე ეს სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ადგილობრივ ბიზნესსა და ეკონომიკას.
ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის პირველი შეხვედრა კახეთში – თელავი, 3 აპრილი, 2025.
კახეთისა და აჭარის CEDP-ის პირველი შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრებზე წევრები შეთანხმდნენ პლატფორმის სტრუქტურასა და მანდატზე, გაეცნენ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ამჟამინდელ საკანონმდებლო ჩარჩოს, ისაუბრეს ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციაზე და ამ მიდგომის დასანერგად რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოში მოქმედ ბიზნესებს – “კამპას”, “ჰილტონ ბათუმსა” და “გოგორას”, და გაცნობოდნენ ამ კომპანიების მიერ უკვე დანერგილ ცირკულარული მიდგომების წარმატებულ მაგალითებს. საბოლოოდ, წევრები შეთანხმედნენ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პლატფორმების მუშაობაში და ხელი შეუწყონ კახეთსა და აჭარაში ცირკულარული ეკონომიკის გადაწყვეტების დანერგვასა და განხორციელებას.
ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის პირველი შეხვედრა აჭარაში – ბათუმი, 15 აპრილი, 2025.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ–შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია საქართველოში უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გარემოსადმი მედეგი მომავლის შექმნა, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესურსეფექტიანობის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის ხელშეწყობისა და ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირების გზით.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: